საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი მზარდია – TOP-10 ექსპორტიორი
- ბიზნესიეკონომიკა
- მარტი 26, 2024
- 149
საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საიმპორტო საქონელი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. უმსხვილეს საიმპორტო დასახელებებს შორის მოწინავე პოზიციებთან შედარებით, საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი მცირეა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ექსპორტის დინამიკა მზარდია.
2023 წელს საქართველოდან სხვადასხვა მიმართულებით ჯამში 67 მილიონ 062 ათასი დოლარის ღირებულების 82 681 ტონა საქონელი გავიდა, რაც 2022 წლის იმპორტის ღირებულებას 5.2%-ით აღემატება. უფრო დიდია სხვაობა ექსპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 2022 წლისა და 2023 წლის მოცულობებს შორის, რაც 57.1%-ს შეადგენს.
სტატისტიკას თუ შევხედავთ, მთლიანი ექსპორტის 68.9% რეექსპორტზე მოდის, 33.1% კი ადგილობრივ ექსპორტში გადის. საქართველოს გავლით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განსაკუთრებით 2022 წელს გაიზარდა და გასულ წელს ღირებულებაში რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ნავთობპროდუქტების მოცულობების ექსპორტი რეკორდული 2017 და 2018 წლებში (149 877 ტონა; 100 805 ტონა) იყო.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 34 ქვეყანაში ხორციელდება და როგორც აღვნიშნეთ, მათ უმრავლესობაში ამ დასახელების საქონლის რეექსპორტი ხდება. ღირებულების მიხედვით საექსპორტო ბაზრების რეიტინგში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც გასულ წელს 15 მილიონ 866 ათასი დოლარის ღირებულების 12 425 ტონა ნავთობი გავყიდეთ, რაც სრულად რეექსპორტს წარმოადგენს.
მეორე ადგილზე სომხეთია. გასულ წელს მეზობელ ქვეყანაში 12 მილიონზე მეტის 9 425 ტონა ნავთობი გავიდა, აქედან $11 მილიონის 8 607 ტონა რეექსპორტი იყო.
მესამე ადგილს კიდევ ერთი მეზობელი – თურქეთი იკავებს, სადაც 2023 წელს 10 მილიონი დოლარის ღირებულების 14 869 ტონა ნავთობი გავიდა, აქაც რეალიზების თითქმის მთლიანი წილი რეექსპორტს უკავია.
მეოთხე ადგილზე ევროკავშირის წევრი ქვეყანა საბერძნეთია, რომელიც ამავე დროს საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო მიმართულებაა. გასულ წელს საბერძნეთში საქონლის გაყიდვები სრულად ადგილობრივ ექსპორტში გადიოდა და 9 მილიონ 369 ათასი დოლარის ღირებულების 24 836 ტონა ნავთობპროდუქტები გავიტანეთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ საბერძნეთში გავიდა საქონლის ყველაზე დიდი მოცულობები.
მეხუთე ადგილზე კი უკრაინაა, სადაც 2023 წელს 5 მილიონ 709 ათასი დოლარის 3 008 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტების ექსპორტი მოხდა. ამ შემთხვევაში ექსპორტის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტები ჩვენი ქვეყნიდან ასევე გადის შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში.
რაც შეეხება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეულს, საქსტატის მონაცემებით, ესენი არიან: სს რუსთავოილი, შპს ზდ ნავთობის კომპანია, შპს კავკაზუს პრემიუმ ლუბრიკანტს, შპს რომპეტროლ საქართველო, შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია, შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, შპს ტოიოტა კავკასია, შპს ტრანსკავკასიური იმპექს კომპანია, შპს უჯ ლუბრიკანტს და შპს ჯე ტრეიდ.
2024 წლის პირველ ორ თვეში ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი ფაქტობრივად გასამმაგებულია. სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-თებერვალში 9 მილიონ 154 ათასი დოლარის ღირებულების 7 172 ტონის ექსპორტი განხორციელდა. აქედან 5 მილიონ 907 ათასი დოლარის 5 081 ტონა რეექსპორტია. საექსპორტო მიმართულებებს შორისაა სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბულგარეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის მონაცემებით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მთლიან იმპორტში 7.6%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებდა. ჯამში გასულ წელს 1 მილიარდ 166 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შევიძინეთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო საქონლის შესყიდვები 12.6%-ით შემცირდა.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი საიმპორტო ბაზარი გასულ წელს რუსეთი იყო, რომელზეც იმპორტის ნახევარი მოდიოდა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ხუთეულში კი რუსეთთან ერთად, რუმინეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი შედიან. იმპორტის გეოგრაფია ვრცელდება ასევე საბერძნეთზე, ბელარუსზე, გერმანიაზე, მალტაზე, ბელგიასა და სხვა ქვეყნებზე.
BM.GE-მ საქსტატიდან უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეულიც გამოითხოვა. ესენი არიან: სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია; შპს ლაგუნა; შპს ლუკოილ-ჯორჯია; შპს პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი; შპს ჯე ტრეიდ; შპს ჯორჯიან პეტროლიუმი.